Monday, June 1, 2009

Saturday, May 30, 2009

ცოტა რამ ტურიზმის ისტორიიდან. ექსტრემალური ტურიზმი.

ტურიზმისა და მოგზაუობის ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში იღებს. თანამედროვე ტურისტული მოძრაობის დამფუძნებლად ითვლება თომას კუკი. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები. მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისთვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებენ. ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ მისწრაფება დასვენებისა და მოგზაურობისკენ. ძველ ეგვიპტეში, სპარსეთში, ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში და რომში პოპულარული იყო დასვენების ისეთი ფორმები როგორიცაა: ნადირობა, დოღი, ჭიდაობა, მშვილდოსნობა და სხვა. დროთა განმავლობაში დასვენება უფრო მრავალფეროვანი და ორგანიზებული ხდებოდა.


დღესდღეითობით ყველაზე პოპულარული გახდა ექსტრემალური ტურები ტურიზმის ბიზნესში. შესაბამისად მოთხოვნილებებიც გაიზარდა იმ ხალხში, რომელთაც ხიბლავთ დაუვიწყარი და მძაფრი შეგრძნებები.



როგორც ექსტრემალები ამბობენ: ”საკმარისია ერთხელ გამოსცადოთ და შეიგრძნოთ ექსტრემით გამოყოფილი ადრენალინი და იგი იქცევა თქვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად. ”






ექსტრემალური ტურიზმის სახეობებია:



რაფტინგი- ქართულად ”ჯომარდობა”, რომელიც სპორტის პოპულარული სახეობაა მთელს მსოფლიოში. ჯომარდობა პოპულარული გახდა 1970 წლიდან. მოგვიანებით კი ტრანსპორტირების საშუალებები როდესაც დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ჯომარდი იქცა გასართობ, ექსტრემალურ სპორტად. ბოლო ხანებში ჯომარდი გვევლინება როგორც ყველაზე გასართობი ჰობი, დღესდღეითობით წყლის სპორტი ინარჩუნებს პოპულარობას ექსტრემალური სპორტის სახეობებში, მეორე მხრივ კი ძლიერ ანცვიფრებს მასზე მჯდარ მგზავრებს. ჯომარდის მოყვარულები როგორც წესი მოძრაობენ წყლის ზედაპირის სხვადასხვა გრადუსზე და იღებენ უდიდეს სიამოვნებას სწრაფი დინების ტალღებზე ხტუნვით. ჯომარდის მთავარი და ყველაზე სასიამოვნი პრინციპია, გაჰყვეთ მდინარის დინებას და გადაეშვათ სხვადასხვა ჩანჩქერებზე გასაბერი ნავით. ნავზე ადგილების რიცხვი მერყეობს ერთიდან თორმეტამდე, ეს დამოკიდებულია გასაბერი ნავის ტიპზე.


ჯომარდობა კატეგორიებად არის დაყოფილი, ეს დამოკიდებულია მდინარის დინების სიჩქარეზე. იგი იყოფა შემდეგნაირად: კლასი I მიეკუთვნება ყველაზე იოლ ჯომარდობას, კლასი IV ყველაზე საშიშს.


ჯომარდი მიეკუთვნება საშიში სპორტის სახეობას, მითუმეტეს თუ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.




პარაპლანი- არის ძალების აღმდგენი და გასართობი სპორტი. ეს არის ისეთივე თავისუფლება, როგორიც აქვთ პილოტებს, მაგრამ პარაპლანით ფრენის სწავლა, უფრო მეტად მოსახერხებელი და ადვილია. პარაპლანით ფრენისას არ არის შეზღუდვა მთა-გორიან ადგილებზე.

პარაპლანით ტანდემური ფრენა ეს არის ორი ადამიანისთვის: მგზავრისა და პილოტისთვის. პილოტს ფრენის დროს შეუძლია ადვილად ელაპარაკოს მგზავრს და აუხსნას, როგორ მართოს პარაპლანი. თუ მგზავრი გამოთქვამს სურვილს,პილოტს შეუძლია ნება დართოს მას, თვითონ მართოს პარაპლანი.

ტანდემური ფრენები ეს არის სპორტის სანახაობა, სადაც მთელი ფრენის განმავლობაში თქვენ გექნებათ ამაღლებული შეგრძნებები და იქნებით კონტროლის ქვეშ. ტანდემური ფრენები სასარგებლოა დამწყები და საშუალოდ მცოდნე მფრინავებისთვის, წესებისა და მანევრირების შესასწავლად.







დაივინგი- წყალქვეშა ტურიზმის ერთადერთი აქტიური სახეობაა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საინტერესო და ამოუცნობია ზღვის სამყარო. წყალმცენარეებთან და ზღვის მობინადრეებთან ერთად ასევე ძალიან საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. ამასთან ყვინთვა ავარჯიშებს სხეულის მთავარ კუნთებს, აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას, ხელს უწყობს ინდივიდის განტვირთვასა და კმაყოფილებას. ჯერ კიდევ უძველეს დროში, როცა ზღვამ ნაპირზე ნიჟარები და სხვა საინტერესო საგნები გამორიყა, ადამიანი დაინტერესდა თუ რა საიდუმლოება იმალებოდა ზღვის ფსკერზე. პირველი ცნობები წყალქვეშა ცურვის შესახებ ძვ.წ 168 წლით თარიღდება, როცა მაკედონიაში მყვინთავებმა მეფე ფერსეუსის მიერ ზღვაში გადაყრილი განძის დაბრუნება გადაწყვიტეს.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი დაინტერესებისა, დაივინგი როგორც სპორტი, მხოლოდ გასულ საუკუნეში გახდა პოპულარული. XX ს. 30-იან წლებში წყალქვეშა ცურვისათვის არსებითი მრავალი ელემენტი განვითარდა.
დაივინგის უამრავი სახეობა არსებობს:
ავტონომიური, არაავტონომიური, მოხალისეთა, სამკურნალო და სხვა. მოხალისეთა ყვინთვის მიზანია დასვენება. იგი სრულდება ინსტრუქტორების თანხლებით და თავის მხრივ გულისხმობს ყვინთვის ისეთ სახეობებს, როგორიცაა წყალქვეშა ნადირობა, წყალქვეშა ფოტოგრაფია, ორიენტალური ყვინთვა კომპასით და სხვა.
საქართველოში დაივინგი საკმაოდ პოპულარული და განვითარებულია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წყალქვეშა ცურვა შესაძლებელია სარფში, კვარიათში, ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე.



ეკოტურიზმი- ალტერნატიული ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა და ნიშნავს შედარებით წყნარ ბუნებრივ გარემოს, ადამიანის მიერ შექმნილი კულტურული მრავალფეროვნების და დაცული ტერიტორიების დასათვალიერებლად განხორციელებულ მოგზაურობას, მათთვის ზიანის მიუყენებლად. ეკოტურიზმი შემდეგ ცნებებთან ასოცირდება: არქეოლოგია, მიწის გამოყენების დაგეგმარება, ნადირობა, არქიტექტურა, ბუნებრივი რესურსები, ტყე, წყალი, სოფლის მეურნეობა, კულტურული მემკვიდრეობა, ცოცხალი ბუნება და სანაპიროები. ტურისტებს, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს სტუმრობენ ხშირად მზად უნდა იყვნენ კომფორტთან დაკავშირებული ჩვეული სტანდარტების დასავიწყებლად. ამ თვალსაზრისით ეკოტურიზმი ტურიზმის მეტად განსაკუთრებული და მიმზიდველი სახეობაა. საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 15-20 % ეკოტურიზმს განეკუთვნება.
საქართველოში ეკოტურიზმის თვალსაზრისით საინტერესოა ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები.







ალპინიზმი- მწვერვალების დაპყრობა ყველა ჩვენთაგანის სურვილია, მწვერვალზე ასვლის შემდეგ, ალპური ზონები და ულამაზესი ხეობები იშლება
ჩვენს თვალწინ და თავისუფლების მშვენიერი განცდა გვეუფლება.

ისტორიულ-ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალებით დასტურდება, რომ კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველები, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე იცნობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს და ფართოდ იყენებდნენ მთაში სიარულისთვის საჭირო ძირითად საჭურველს. კავკასიონის მწვერვალებზე, მათ შორის საქართველოს პიკებზე (მყინვარწვერი,უშბა,შხარა და სხვ.) პირველამსვლელებად ითვლებიან ინგლისის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ალპინისტები. უცხოელ მთასვლელებს გამყოლებად და მეგზურებად, როგორც წესი, ახლდნენ ქართველი ალპინისტები, რომლებმაც კარგად იცოდნენ მთის პირობები და მთაში მოძრაობის ტექნიკა. ისტორიამ შემოგვინახა ზოგიერთი მათგანის სახელი: მიტო არღვლიანი, კოტე ფიცხელაური, ლალა ხუციშვილი. უფრო გვიან ცნობილი გამყოლები იყვნენ კახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიო ლობჟანიძე, გიგლა იჭრიაული, პავლე (ბახვა) ფიფია და სხვები
ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია ოფიციალურად 1923 წლიდან იწყება, როცა პროფესორების გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით აგვისტო-სექტემბერში ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე. ორი წლის შემდეგ ასევე გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით განხორციელდა პირველი საბჭოური ასვლა კავკასიონის უმაღლეს მწვერვალზე იალბუზზე.
ამ ასვლებით საფუძველი ჩაეყარა ქართული სპორტული ალპინიზმის განვითარებას, რომელიც უფრო და უფრო დიდ სიმაღლეებს აღწევდა.


ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად.
ერთი წლის განმავლობაში მიღებული მონაცემების მიხედვით საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20% , აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10% , აფრიკაზე- 3% .
ტურიზმს მსოფლიოს ეკონომიკასა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ადამიანთა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ურთიერთობის ყველაზე მასობრივ და ცივილიზებულ ფორმას წარმოადგენს.


გამოყენებული ლეტერატურა:
მეტრეველი მ ._ ტურიზმი ._თბ., 2003 ._ 186 გვ.
ციბაძე ა ._ ცისფერი ბილიკებით ._ თბ., 1987 ._ 47 გვ.
ბირჟაკოვი მ ._ ტურიზმის თეორია ._თბ., 2004 ._ 270 გვ.
ჯულაბაშვილი ი ._ ტურიზმის განვითარების ფაქტორები ._ თბ., 2006 ._ 108 გვ.
შუბლაძე ვ ._ საქართველო და ტურიზმი ._ თბ., 2004 ._ 176 გვ.
კახიანი ჯ ._საქართველო ტურიზმისა და ალპინიზმის ქვეყანა._ თბ.,2002._208გვ.



გამოყენებული ვებ-გვერდები:
www.concordtravel.ge
www.georgiantours.ge